სალომე ზურაბიშვილი - თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის 
სალომე ზურაბიშვილი - თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის 

თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა.

თავის სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზა დემოკრატიისკენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადის.

„ეუთო/ოდირმა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები წარმოადგინა. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 2019 წლის ზაფხულიდან აქტიურად მუშაობს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. ამ ჯგუფში არა მარტო საპარლამენტო პარტიები, არამედ კვალიფიციური პოლიტიკური ჯგუფებიც მონაწილეობენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველომ გააუმჯობესა პირობები და ყოველი შემდეგი არჩევნები იყო უკეთესი.

„მოსახლეობის ნდობის მისაღებად და არჩევნებში  ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მიმდინარე მუშაობის შედეგად გაუმჯობესდება კოდექსი და  გაიზრდება შესაბამისი სტანდარტები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა პოლარიზაციის პრობლემას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მზარდი პოლარიზაცია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.

„სინამდვილეში, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ზოგადად, ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის. იგი ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები – ორგანიზმზე. ეს დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის და არც საქართველოა გამონაკლისი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებებს აგრესია და განსხვავებული აზრის მიუღებლობა ჰყოფს.

„განსხვავებული აზრის მიუღებლობა, აგრესია და სიძულვილის ენა ყოფს ჩვენს საზოგადოებებს, აღვივებს უნდობლობას. ცრუ ინფორმაციასთან (fake news) და დეზინფორმაციასთან ერთად, პოლარიზაცია გარე გავლენებისთვის სასურველ ნიადაგს ქმნის საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდეგაც. მოსახლეობას უჭირს საერთო საკითხების გარშემო გაერთიანება. ამ დროს, ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომლებზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი გვჭირდება – საქართველოს ოკუპაციის დასრულება, დამოუკიდებლობის გაძლიერება და ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ მიზნებს, რომლებიც გამაერთიანებელ პლატფორმად გამოდგება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისი მიზანი და იმედია, საზოგადოებამ საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებას მეტი ძალისხმევა მოახმაროს.

„ჩემი იმედი და მიზანია, ქართველმა საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა მოახმაროს შერიგებას და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებას. მე მონდომებით ვერიდები პოლარიზაციაში ჩათრევას და მჯერა, რომ მხოლოდ ღირებულებებისა და პრიორიტეტების გარშემო მიღწეული თანხმობით საქართველო შეძლებს, გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, გააძლიეროს თავისი დამოუკიდებლობა და დაასრულოს ოკუპაცია. გახლეჩილი ქვეყანა ამ გამოწვევებს წარმატებით ვერ დაძლევს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას.