სალომე ზურაბიშვილი - თავდაცვის ძალები შექმნის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენია
თავდაცვის ძალები შექმნის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენია, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მონაწილე სამხედროებს, რომლებსაც თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.
„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ვულოცავ პირველ რიგში რიგითებს, ოფიცრებს, გენერლებს, თითოეულ ჯარისკაცს. ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს თანაშრომლებს. ვულოცავ ვეტერანებს, მთელ საქართველოს. ძალიან ამაყი ვარ, რომ ბავშვობაში პირადად ვიცნობდი გენერალ კვინიტაძეს და დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ თქვენ წინაშე ვდგავარ იმ დღეს, როცა შესრულდა 28 წელი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების დაარსებიდან.
თავდაცვის ძალები მისი შექმნის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენია. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი დამცველები არიან. ქვეყნის ხერხემალი ხართ თქვენ. მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ჯარისკაცის თავდადებისა და პროფესიონალიზმის უამრავმა მაგალითმა დაამტკიცა, რომ ჩვენთვის ღირსება უმთავრესია. ეს ისტორიულად ასე იყო, ასე არის და ვერაფერი დაემუქრება ამას. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი, ვიცით მშვიდობის ფასი, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ჩვენს საზღვრებში მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და გლობალური მშვიდობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, უკვე წლებია, საქართველო ამ გამოწვევას ღირსეულად პასუხობს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენმა ჯარისკაცებმა დასავლელი პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურეს.
„ავღანეთში ყოფნის დროს ვიყავი ამაყი, როცა ვისმენდი კოალიციური სარდლობის სიტყვებს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის უმაღლესი დონის შესახებ. იგივე მოვისმინე ბრიუსელში ნატო-ს შტაბში. ქვეყნის სამსახურში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთია, რომელიც სიცოცხლის დათმობისთვის მზადყოფნას მოითხოვს. ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის თავგანწირული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა, დიდი პატივისცემით მივესალმო მათ ოჯახებს. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი, მაგრამ იგი გვავალდებულებს და გვაძლიერებს. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. მინდა, მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველას, ვინც ჩვენ გვერდში გვიდგას და გვეხმარება ამ გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებულია, რომელმაც დიდწილად განაპირობა ჩვენი თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმი და ხარისხი. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ თანამშრომლობაში საიმედო პარტნიორები გავხდით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახლახან ჩატარებული ნატო-საქართველოს სწავლებით, რომელსაც საქართველო ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ როგორ იზრდება ნდობა ჩვენ მიმართ.
„ეს ერთობლივი ძალისხმევა ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, მშვიდობას, რეგიონში სტაბილურობას, ჩვენ მიერ არჩეული გზის შეუფერხებლად გაგრძელებას. ამ გზაზე სვლაში ჩვენ ვერაფერი შეგვიშლის ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მშვიდობიან პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმით, სახელმწიფოებრივი ცნობიერებითა და თავდაცვის სფეროში წარმატებული რეფორმებით, საქართველო გახდება ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ვიცი და მჯერა, რომ ვარ იმ ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ყველა შესაძლო გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება. ეს თქვენი დამსახურებაა და თქვენი იმედი მაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.