სალომე ზურაბიშვილი - სხვადასხვა ეროვნებათა თანაცხოვრება ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ვინც ამას შეეხება, ის პირდაპირ უმიზნებს სახელმწიფოს სტაბილურობას
სალომე ზურაბიშვილი - სხვადასხვა ეროვნებათა თანაცხოვრება ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ვინც ამას შეეხება, ის პირდაპირ უმიზნებს სახელმწიფოს სტაბილურობას

ძალიან მოქმედებს ჩემზე, როდესაც ირწმუნებიან, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს აპირისპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ვინც ამას აკეთებს, ეს არამხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

„ლანძღვას არ ვპასუხობ, მაგრამ ძალიან მოქმედებს ჩემზე, როდესაც მაბრალებენ, სხვადასხვა კონტექსტიდან სიტყვებს კრებენ და ასე ცდილობენ ეთნიკური შუღლის ჩამოგდებას. ირწმუნებიან, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს აპირისპირებს. ეს თემა საქართველოსთვის დამანგრეველია, საფრთხის შემცველია. ვინც ამას აკეთებს, კარგად ხვდება ამ ყველაფერს და ეს არამხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

ერთ-ერთი ვითომ ინტელექტუალური ჟურნალი მსგავს ინფორმაციას ჩემი განმარტების, ახსნის გარეშე ავრცელებს. ეს ეხებოდა ორმაგ მოქალაქეობას, როგორ იყო ადრე დარიგებული და როგორ არის ახალი კანონი და კონსტიტუცია. სრულიად ფაქტობრივი აღწერა არის დღევანდელი რეალობის.

ჩვენი ქვეყანა არის ძალიან ფაქიზი, სადაც სხვადასხვა ეროვნებათა თანაცხოვრება არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი და ვინც ამას შეეხება, ის პირდაპირ უმიზნებს სახელმწიფოს სტაბილურობას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ის იქნება იმ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თავის ფასეულობებს არ დაკარგავს.

​აზერბაიჯანულენოვან გაზეთებში ვრცელდება, რომ მე სომხების მომხრე ვარ და ალბათ, ხვალ სომხურ გაზეთებში დაიწერება, რომ მე სხვისი მომხრე ვარ. ეს არის ძალიან დიდი ნაღმი და ასეთ ნაღმებს მხოლოდ და მხოლოდ იმპერიალისტური რუსეთი იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.

ვაფრთხილებ საზოგადოებას, ამას არ უნდა ავყვეთ, არ შეიძლება ავყვეთ.

ვიყავი რეგიონებში, სადაც ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობის, რწმენის და რჯულის ადამიანები და მათი ერთადერთი გზავნილი არის, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება არის საქართველოს სიძლიერე.

ჩვენ, ამ ყველაფერს ერთად გავუფრთხილდებით, რადგან მე ვიქნები ტოლერანტული საქართველოს, ევროპული საქართველოს, თანამედროვე საქართველოს პრეზიდენტი. მე, ვიქნები იმ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თავის ფასეულობებს არ დაკარგავს, რომელიც იქნება თავისი კულტურის მატარებელი და სწორედ ამ კულტურას გავიტან მე ევროპაში თქვენთან ერთად, ვაჩვენებთ ვინ ვართ, როგორები ვართ. ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის, პრინციპების, კულტურის ერთგულნი, რადგან ეს არის ჩვენი ძალა, ეს არის ის, რაც განგვასხვავებს სხვებისგან, რაც არის ჩვენი ნიშანი ყველაზე უფრო გამოკვეთილი.

ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელიც მატერიალურად ჩვენზე ბევრად კარგად ცხოვრობს, დაკარგული აქვს სწორედ ეს ნაწილი ფასეულობების თუ სულიერების. აქ არის გერგეთი, ჩამოდიან ადამიანები და არინ გაოცებული იმით, რაც ხდება. ამ ზაფხულს ჩემი შვილის ქორწილი, ჯვრისწერა გერგეთზე იყო, ჩამოიყვანეს ასი ახალგაზრდა სხვადსხვა ქვეყნებიდან, არც ერთი აქედან არ წასულა ისე, როგორც მოვიდა. ეს არის ჩვენი ძალა და რაც ძალა გვაქვს, ის უნდა დავინახოთ, რაც ცუდი გვაქვს, ისიც უნდა დავინახოთ“,- განაცხადა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.