სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ რთულ პერიოდში, ყველგან ევროპაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩემს ქვეყანაშიც – ჰოლანდიაში, დიდსა თუ პატარა ქვეყნებში, დემოკრატია მოცემულობად არ უნდა ჩავთვალოთ, როგორც ეს გუშინ ფორუმის გახსნაზე ვთქვი. ჩვენ მართლაც უნდა ვიზრუნოთ, რომ დავიცვათ დემოკრატიული სისტემები, რადგან თუ ჩვენ დემოკრატიას არ ვიცავთ, ესე იგი, არ ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, რის შედეგადაც ძალიან მოწყვლადი გავხდებით. კარგია, პრეზიდენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ თავად საქართველოსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ უნარი გაუმჯობესდნენ, რათა დაძლიონ პოლარიზაცია“, – განაცხადა ტინი კოქსმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა რეიკიავიკის ფორუმს, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული საკითხი აქტიურად იქნება განხილული.

შეხვედრაზე ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით  თვითმმართველობების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხისა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების დაძლევის მნიშვნელობას, ასამბლეის პრეზიდენტმა ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დესპინა შაცივასილიუ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.