სალომე ზურაბიშვილი - სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა
სალომე ზურაბიშვილი - სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მინსკში გამგზავრებამდე მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა და მნიშვნელოვან ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 ივნისს სალომე ზურაბიშვილი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას თავადაც დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს ადგილზე უგულშემატკივრებს.

„თქვენ წარმატებულ დარგს – ქართულ სპორტს წარმოადგენთ. საქართველო დღეს მსოფლიოში ცნობილია თავისი სპორტსმენებით, ეს იმიტომ, რომ თქვენ ბევრი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჩამოუტანეთ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მინსკშიც გვასახელებთ, ამის სანახავად მეც ვიქნები თქვენთან ერთად და მხარს დაგიჭერთ, რათა კიდევ ერთხელ იყოთ ძალიან წარმატებულები. სპორტი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ სპორტის სხვადასხვა სახეობა. სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა და პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც ძალიან სჭირდება ცნობადი იყოს, დადებითი ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი თქვენი დამსახურებაა და ამისათვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მადლობას გიხდით. მე და მთელი საქართველო ძალიან ამაყი ვართ თქვენი წარმატებით. გისურვებთ დიდ წარმატებებს მინსკში და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ!“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე.

​სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ, ქვეყნის გუნდის სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასპარეზობის წინ თითოეულ სიტყვას, გამხნევებასა და დარიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ევროპულ თამაშებზე საქართველოს 61 სპორტსმენი წარადგენს, ხოლო სხვადასხვა ასპარეზობაში მონაწილეობას 50 ქვეყნის 4 000 სპორტსმენი მიიღებს. 61 ქართველ სპორტსმენს შორის სამი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ექვსი ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ხოლო 12 მსოფლიო ჩემპიონი.