სალომე ზურაბიშვილი - სპეცოპერაციის შესახებ ჭორები არსებობს, ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან მეტი გვაინტერესებს
სალომე ზურაბიშვილი - სპეცოპერაციის შესახებ ჭორები არსებობს, ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან მეტი გვაინტერესებს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი ჩვენთვის პირველია და ბუნებრივია, მსგავსი ფაქტების დროს საზოგადოების ინფორმირების გამოცდილება არ გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„უცხოეთში, სადაც ამის მეტი გამოცდილება აქვთ, ინფორმაციის გაცვლის დროს ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ახლა ვსწავლობთ. იმედი მაქვს, ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება. ის, რომ სხვადასხვა სპეკულაციები და ჭორები არსებობს, ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან მომხდართან დაკავშირებით მეტი გვაინტერესებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, პოლიტიკური ფიგურების მხრიდან საზოგადოებასთან მეტი დიალოგია საჭირო.

„მე ვიტყოდი, მეტი პოლიტიკური ჩართულობაა საჭირო, რათა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა პროცესში ბოლომდე ჩართულია და პასუხისმგებლობას გრძნობს. ზოგადად, ეს საერთო სენია, როცა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებასთან საუბრის, დიალოგის ნაკლებობაა. მაშინ, როცა შეიძლება, საზოგადოებას მეტი აუხსნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.