სალომე ზურაბიშვილი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია, მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება, თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს
სალომე ზურაბიშვილი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია, მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება, თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია.

თუმცა, ზურაბიშვილის აზრით, რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება.

„თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს. კონტროლის მექანიზმისა და თვითრეგულირების არქონა კი, როგორც სხვაგან, საქართველოშიც ართულებს სოციალურ გარემოს. როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლება იქაც პასუხისმგებლობის შეგრძნების გარეშე ხორციელდება, იგი ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, დღეს მედია ორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობენ.

„თითქმის არც ერთი ორგანიზაცია არ დაჯარიმებულა სასამართლოს მიერ, ან არ გაუკრიტიკებია საზოგადოებას. ოპოზიციური არხის – „რუსთავი2-ის“ საკუთრების დავა, რომელიც სასამართლოში იხილებოდა, წარმოდგენილ იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის გაკონტროლების ან დახურვის მცდელობა. ამ დროს კი პირიქით მოხდა – განხილვის პერიოდში საგადასახადო უწყებამ თავი შეიკავა დაგროვილი დავალიანების (23 მილიონი ლარის) ამოღებისგან. საქმე განიხილა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ისე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. 2019 წლის ივლისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი2-ის“ მიმართ არც ერთი უფლება არ იყო დარღვეული, მათ შორის  არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ერთ-ერთი  დადასტურება იყო.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ არხის ჩამორთმევად წარმოჩენილი გადაწყვეტილების მიმართ მრავალწლიანი პროტესტისა, სტრასბურგის სასამართლოს   გადაწყვეტილებით არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. „რუსთავი-2“ კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია. ამასობაში, მედიასივრცეს კიდევ რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოში დღეს მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია.

„ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან“ ,- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.