სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ჯარის დამაარსებელი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელი რუსეთის მე-11 არმიაზე
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ჯარის დამაარსებელი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელი რუსეთის მე-11 არმიაზე

სიმბოლური დღე არის დღეს და დიდი ემოციებით აღსავსე ვარ, რადგან საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი ჩამოასვენეს.

„ძალიან სიმბოლური დღე არის დღეს და დიდი ემოციებით აღსავსე ვარ, რადგან დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, უკანასკნელი რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს მყოფი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელი რუსეთის მე-11 არმიაზე. დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ.

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.