სალომე ზურაბიშვილი - შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით, სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში საერთო პირობაა
სალომე ზურაბიშვილი - შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით, სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში საერთო პირობაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში საერთო პირობაა“, – წერს ზურაბიშვილი.

​სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.