სალომე ზურაბიშვილი - შავი ზღვის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების გაცნობიერება და თავდაცვითი თანამშრომლობა უნდა ერთვოდეს
სალომე ზურაბიშვილი - შავი ზღვის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების გაცნობიერება და თავდაცვითი თანამშრომლობა უნდა ერთვოდეს

შავი ზღვა საქართველოსთვის წარმოადგენს როგორც მომავალი ეკონომიკური განვითარების პოტენციალს, ისე უსაფრთხოების გამოწვევას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შავი ზღვის პოტენციალი არის ევროპასა და აზიას შორის ჰაბის როლი, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები უფრო და უფრო პირდაპირ აკავშირებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორებთან მეორე ნაპირზე.

„ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვით და მის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას თან უნდა ერთვოდეს უსაფრთხოების გაცნობიერება და სტრატეგიული და თავდაცვითი თანამშრომლობა, რათა ავიცილოთ ყველანაირი ინციდენტი ან ესკალაცია, როგორიც აზოვის ზღვაში ვნახეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, ბათუმისა და ფოთის პორტებში ნატო-ს გემების შესვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია.

„ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შავ ზღვაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, სტაბილურობის გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა.

„ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე.