სალომე ზურაბიშვილი - შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული და დემოკრატიული გზა
სალომე ზურაბიშვილი - შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული და დემოკრატიული გზა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა შეუშალოს ხელი.

„მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს აქ ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა მაშინაც. დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს, ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიის კუნძული, კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.  ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.