სალომე ზურაბიშვილი - სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ
სალომე ზურაბიშვილი - სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ

სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

„ყველამ იცის, რომ ჭარბვალიანობა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პრობლემა. მე არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს წინა, სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ასეთ ქვეყანაში, როცა მაგალითად ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულირება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.