სალომე ზურაბიშვილი - პოლიციის პატივისცემა სადაც არ არის, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არსებობს
სალომე ზურაბიშვილი - პოლიციის პატივისცემა სადაც არ არის, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არსებობს

დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფლი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულია მათი უფლებები. საქართველოს მიზანი სწორედ ასეთ – დემოკრატიულ, ევროპულ და სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიზნის მიღწევაში პოლიციის როლი უდიდესია.

„მოგესალმებით, პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ. მივესალმები შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსს. მივესალმები ყველა აქ მყოფ პოლიციელს და ყველას, ვინც ახლა, ამ წუთში ამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გვიცავს, იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, იცავს სიმშვიდეს, იცავს ჩვენ მოქალაქეებს. ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი პროფესიული დღე. თქვენთან ერთად დღევანდელ დღეს ვულოცავ ვეტერან პოლიციელებს, ყველას, ვისაც წვლილი მიგიძღვით სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვაში. ამ დღეს, მსურს, პატივი მივაგო მათ, ვინც სიცოცხლე ან ჯანმრთელობა არ დაიშურა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფლი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულია მათი უფლებები. საქართველოს მიზანი სწორედ ასეთ – დემოკრატიულ, ევროპულ და სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მიღწევაში პოლიციის როლი უდიდესია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პოლიცია და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ.

„ქართულ პოლიციაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ინსტიტუტზე, სრულად აირეკლა სამი ათეული წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოების მოთხოვნები. ქართულ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ერთად ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას. ძირეული და მასშტაბური რეფორმებისა და თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგად, იგი თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიციად ჩამოყალიბდა. დღეს საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პოლიცია, რომელშიც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ. სწორედ ამან განაპირობა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ამით ევროპის პოლიციის სამსახურმა აღიარა ქართული პოლიციის სანდოობა და მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. ევროპოლთან სტრატეგიული თანამშრომლობა ნიშნავს ქართული პოლიციის სრულფასოვან ჩართულობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში. ეს ნიშნავს ქართული პოლიციისა და შესაბამისად, საქართველოს მზაობას, უნარს ეფექტიანად ებრძოლოს საერთაშორისო დანაშაულს და ამით წვლილი შეიტანოს რეგიონის, ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში.

დღეს, საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევის პროცესში, იქნება ეს კოვიდპანდემიასთან და ბუნებრივ სტიქიასთან ბრძოლა, მართლწესრიგის დაცვა პოლიტიკურად თუ სოციალურად მოტივირებული საპროტესტო აქციების მშვიდობიანად და უსაფრთხოდ წარმართვა, პოლიცია მუდამ წინა ხაზზე დგას. ყველაზე მეტად, სწორედ პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ნორმების მიღება, რომლებიც პოლიციას მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად დაიცვას სახელმწიფო ინტერესები და მოქალაქეების უფლებები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოების ვალია, პატივი სცეს პოლიციას და თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას.

„საზოგადოების ვალია, პატივი სცეს პოლიციას და ამით თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს. ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით, ვამაყობ ქართული პოლიციით. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების მედლით ვაჯილდოვებ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, ახალგაზრდა ქალს: ეკა ბუცხრიკიძეს, ანი ნაცარაშვილს, გვანცა გოგავას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ოჯახური და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვისურვებ, ძალიან ბევრი პროფესიონალი კიდევ გაიზარდოს და ემსახუროს ხვალ ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სამსახურისთვის! ვამაყობ ქართული პოლიციით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.