სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში არავინ არის ომის მომხრე, მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი 
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში არავინ არის ომის მომხრე, მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მისთვის „ომის პარტიის“ არსებობაზე საუბარი მიუღებელია. მისი თქმით, არავინ არის ომის მომხრე საქართველოში.

ამასთან, პრეზიდენტმა სახალხო დამცველის მიმართ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი.​

„მგონია, რომ არ შეიძლება, ლაპარაკი იყოს რაღაც „ომის პარტიაზე“ საქართველოში. ჩემთვის ეს არ არსებობს. არავინ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ასევე არ შეიძლება, ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზედაც არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი, არავის როლი არ არის, შევქმნათ ჩვენ გარეთ ეჭვები ქვეყნის მიმართ, რამეთუ ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კონგრესმენებთან გამართული შეხვედრების თემა არ ყოფილა.

„არ იყო განხილვის თემა. ჩემი პოზიცია იცით ამ საკითხზე და არ გავიმეორებ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია“. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საკუთარი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.