ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია

თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს სააკაშვილის განთავისუფლებას ნებისმიერი ფორმით, მას სურს ომი საქართველოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„თუ ვინმეს სურს და თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რამე ფორმით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ასე შემდეგ, ყველას უნდა ერთადერთი რამ, ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სახალხო დამცველსაც იმ პირებს შორის, რომელთაც ომი უნდათ საქართველოში, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველიც ომის პარტიის წარმომადგენელია.

„სახალხო დამცველი არის ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია. შესაბამისად, ბუნებრივია, ისიც არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნინო ლომჯარია არ შედის მმართველი პარტიის მხარდამჭერთა შორის.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდის მიზანი ქვეყნისთვის ომის არიდებაა, ყველა ის პირი კი, ვინც ამ მიზანს უპირისპირდება, არის ერთნაირად მიუღებელი.

„47 პროცენტი ხომ ავიღეთ წინა არჩევნებში. შესაბამისად, ეს არის ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა. ნინო ლომჯარია არ შედის ამაში, ამ 47 პროცენტში. არც მიხეილ სააკაშვილი შედის, არც ჭუტა შედის, არც გვარამია შედის. 47 პროცენტი, მინდა შეგახსენოთ, მმართველი პარტიისთვის არის ფანტასტიური მაჩვენებელი, თუ გადახედავთ ევროპის ქვეყნებს და დემოკრატიულ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. რაც შეეხება ომის პარტიას, თავისი პოლიტიკური შემადგენლით და ე.წ. არაპოლიტიკური შემადგენლით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა არის მიუღებელი იქიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი მიზანი. ეს მიზანია, რომ ქვეყანას უნდა ავარიდოთ ომი. შესაბამისად, ვინც ამ მიზანს უპირისპირდება და ვისაც აქვს საპირისპირო მიზანი, რომ ქვეყანა ჩაითრიოს ომში, ბუნებრივია, ჩვენთვის ყველა არის ერთნაირად მიუღებელი. ეს დასკვნაც, რომელიც არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ამის გაგრძელებაა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიმეორებ, თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს სააკაშვილის განთავისუფლებას ნებისმიერი ფორმით, მას სურს ომი საქართველოში. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი