სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და გერმანიას შორის მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობა უნიკალურია
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და გერმანიას შორის მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობა უნიკალურია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის“ შესახებ შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით გაიმართა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების სფეროში უნიკალურია. ამ კუთხით ჩვენი მეცნიერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი საგრანტო პროგრამა.

წელს პროგრამით დაფინანსებულ კვლევათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 25 პროექტი. ამ კვლევების მიმართულებები ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და დღეს ჩვენ ამ პროექტების ნაწილს დავათვალიერებთ.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ერთად გამოვედით ინიციატივით, შეიქმნას საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ კვლევათა შორის არაერთი ისეთი კვლევაა, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება საკოორდინაციო ცენტრის კონცეფციას. თემები, რომლებიც ეხება ქართველოლოგიას, კავკასიოლოგიას, ასირიოლოგიას და აშ.

საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის ამ ფორმატით, ამ საგრანტო პროგრამის წარმატებული მუშაობით, დასტურდება, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში საიმისოდ, რომ სწორედ საქართველოდან გავრცელდეს მთელ მსოფლიოში კომპეტენტური ცოდნა საქართველოსა და რეგიონის შესახებ.

მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება ამ წელს ორბელიანების სასახლეში ტარდება, რადგან ამ სასახლის გაცოცხლება სწორედ, ორ მიზანს ისახავს:

საჭიროა, საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ საკუთარი ისტორია და წარსული. ორბელიანების სასახლეს მიეცეს ფუნქციური დატვირთვა, ისევე როგორც მე-19 საუკუნეში, როცა ამ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის იდეები მზადდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ დღესაც ეს სასახლე მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ინიციატივების კერა გახდეს, რაც ასე ძალიან სჭირდება საქართველოს.

მინდა, ღონისძიების ორგანიზატორებსა და ყველა სტუმარს გადავუხადო მადლობა ორბელიანების სასახლეში მობრძანებისთვის და მივულოცო მათ, ვინც მოიპოვა ამ პროგრამის ფარგლებში ეს გრანტები და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, თბილისის საინფორმაციო ცენტრის (DAAD) ხელმძღვანელი გებჰარდ როილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი.

დღესვე სასახლეში მოეწყო 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული კვლევების 25 პროექტების პრეზენტაცია.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას, ბიზნესსა და მეცნიერებას შორის ურთიერთობის გააქტიურებას, ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებას, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით, სამეცნიერო ქსელის შექმნასა და თემატური, ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.