სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე ნატო-ს მხრიდან არ შეგუების პოლიტიკა გაცხადებულია, რაც ძალიან დადებითი ფაქტია
ნატო-ში იყო შეშფოთება ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განუცხადა.
პირველმა არხმა პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე რა ითქვა ნატო-ში პარტნიორების მხრიდან და რა რეაგირებას დაჰპირდნენ.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე ნატო-ს მხრიდან არ შეგუების პოლიტიკა ყველას მიერ არის გაცხადებული, რაც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ძალიან დადებითი ფაქტია.
„იყო ძალიან მკაფიო განცხადებები. მხარდაჭერა მივიღეთ ნატო-შიც და ევროკავშირშიც. მხარდაჭერა გამოუცხადა ყველამ ჩვენს პოლიტიკას. აღინიშნა შეხვედრებზე, რომ სწორია ჩვენი ნაბიჯები, დადებითად შეფასდა სამშვიდობო ინიციატივა.
ნატო-ში იყო შეშფოთება ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით. ამ მხრივ არის მათი მზადყოფნა, რომ ეს საკითხი გააჟღერონ მათ ორმხრივ ურთიერთობებში რუსეთთან, რათა არ იყოს ეს მიღებული, როგორც ფაქტი. არ იყოს მიღებული ისე, რომ ამ ვითარებას შევეგუებით ან ისინი შეეგუებიან. არ შეგუების პოლიტიკაა ყველას მიერ გაცხადებული და ესეც არის ძალიან დადებითი“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.