სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს განვითარება რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს განვითარება რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებას მიეძღვნა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება საქართველოსათვის უაღრესად საჭირო დარგს, სოფლის მეურნეობას, რომელიც ქვეყნის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს განვითარება მისი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას. ქართული ეკონომიკის განვითარებას არ ექნება მომავალი, თუ სოფლის მეურნეობის სფერო არ იქნება აგებული თანამედროვე პრინციპებზე. ჩვენ უნდა განვავითაროთ და ვისწავლოთ ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპებადაა მიჩნეული და სწორედ ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შევინარჩუნოთ ძველი, ქართული ტრადიციები და ამასთან, ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ დარგი ისე, რომ არ უშლიდეს ხელს არც გარემოს დაცვას (რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის) და ამავე დროს, იყოს ჩართული მსოფლიო ეკონომიკაში, იყოს მორგებული მსოფლიო ბაზრებს. ეს ყველაფერი კი არის ის, რაც სხვების გამოცდილების გაზიარებით უნდა ვისწავლოთ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ვერ იქნება ბოლომდე განვითარებული და ბოლომდე ევროპული, თუ ვერ იქნება სოფლად მაცხოვრებელი იმავე დონეზე, როგორზეც ქალაქი მაცხოვრებელი.

„სოფლის მეურნეობა გადამწყვეტი იყო წარსულში, გადამწყვეტი არის მომავალში. ქვეყანა ვერ იქნება ბოლომდე განვითარებული და ბოლომდე ევროპული ქვეყანა, თუ ვერ იქნება სოფლად მაცხოვრებელი იმავე დონეზე, როგორზეც ქალაქი მაცხოვრებელი. დღეს რა განსხვავებაც არსებობს სოფელსა და ქალაქს შორის, უნდა იყოს შემცირებული და შემცირება იქნება მხოლოდ იმ სტრატეგიით, რომელზედაც დღეს არის საუბარი. ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირი, გაერო და  პარტნიორი ქვეყნები ევროკავშირიდან, მაგრამ აქ მთავარია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორია გზა ჩვენი განვითარების, რომელიც მოიცავს არამხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ გარემოს დაცვას, ტურიზმს. ეს ყველაფერი კომპლექსურად მონაწილეობს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს: ევროკავშირსა და გაერო-ს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

კონფერენციას „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სფეროს წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები ესწრებოდნენ.