სალომე ზურაბიშვილი - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად ვართ და გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებსა და გამოწვევებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად ვართ და გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებსა და გამოწვევებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად ვართ და გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებსა და გამოწვევებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ასოცირებული ტრიოს“ მიერ პეტრას ბათუმის სამიტის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ პეტრას ციხეზე განაცხადა.

„მივესალმები ჩვენს მოსახლეობას, რომელიც გვიყურებს ამ ძალიან სიმბოლურ ადგილას. პეტრა არის სიმბოლური სხვადასხვა კუთხით, რამეთუ ეს არის ის ციხე-სიმაგრე, რომელიც აკონტროლებდა შავი ზღვის სანაპიროს და იყო ბრძოლისა და დაპირისპირების ადგილი ჯერ ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, შემდგომ, უფრო ახლოს ჩვენთან, მე-18 საუკუნეში ოტობანებისა და რუსეთს შორის დაპირისპირების. პეტრა სიმბოლურია, რადგან სწორედ ის გახლდათ ჩვენი ერთობის, დღევანდელი დღის შეხვედრის ადგილი. სამი ლიდერისა და ევროკავშირის პრეზიდენტების შეხვედრის ამ ადგილას, სადაც ჩვენ ვსახავთ, როგორი უნდა იყო ჩვენი ერთობლივი მომავალი, ევროპული გზა და როგორ უნდა იყოს ეს შავი ზღვა, მშვიდობის, თანამშრომლობის ზღვა და ევროპასთან მიახლოებისა და შემდეგ შეერთების გზა.

თქვენი აქ ყოფნის შედეგად, პეტრას ციხე გახდა ჩვენი საერთო მიზნების ნიშანი, ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყნისა და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი. ჩვენ განვიხილავთ, რა უნდა იყოს ჩვენი სამომავლო გეგმები. ძალიან ბევრი გვაქვს საერთო – წარსული, საერთო გამოწვევები, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთო გამოწვევები, უსაფრთხოებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც მომდინარეობს და შეიძლება იყოს გარე და შიდა წყაროებიდან. თუმცა, ჩვენ ასევე საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა, დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და პოლარიზაციის გამოწვევებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ჩვენი რეაგირება, ევროპული რეაგირებაა, არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება, მოხდება მხოლოდ წინსვლა მიზანმიმართულად, სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, „ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს“.

„უნდა გაითვალისწინოს ჩვენი, სამი ქვეყნის ლიდერთა საერთო განწყობისა და მიდგომის, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის, საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, არსებობდეს საერთო მიდგომები კონფლიქტების, ოკუპაციის, მე-20 საუკუნისა და დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად. ასოცირება ახალი მნიშვნელობის უნდა გახდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის. გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობის პრინციპები და ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ ერთმანეთი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, სამივე ქვეყანას ეკონომიკის გაძლიერებისთვის საერთო ხედვა სჭირდება.

„საერთო ხედვა გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისთვის. შავი ზღვა არის ყველა ამ ახალი მიდგომისა და ახალი შესაძლებლობის სიმბოლო. დაკავშირებადობა, თანამშრომლობა, ვაჭრობა უკავშირდება შავ ზღვას. ყველა ამ ქვეყანაში ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რომ დავახლოვდეთ სამი ზღვის ინიციატივის კონტექსტში.

ჩვენ ასევე უნდა მოვახდინოთ ასოცირება არა მხოლოდ ჩვენს ერებს შორის, არამედ ევროკავშირთან. კონკრეტული წინადადებები გვაქვს, რათა თანამშრომლობის უფრო ფართო კონტექსტში ჩართულობით მოხდეს მომავლისკენ, ევროპისკენ სვლა. კონკრეტული დღის წესრიგი გვქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და 27+3, 3+1 უნდა იყოს მომავლის გზა და უნდა მოვემზადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი ხელმოწერილი დეკლარაციის შემდეგ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უფრო დაახლოვდება.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, პროექტებს, ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, ჩვენ გზას ვუკვალავთ უფრო მეტ თანამშრომლობით მიდგომებს. პეტრას ციხის შემდეგ და პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენ სამი ქვეყანა აღარ ვიქნებით იგივე, უფრო დავახლოვდებით. შავი ზღვა აღარ იქნება იგივე, ის იქნება სამი ზღვის ინიციატივის კონტექსტში დაკავშირებადობის, თანამშრომლობისა და სიახლოვის სიმბოლო. ამისთვის ჩვენ ევროკავშირთან ღია ზღვის პრინციპით უნდა ვიმუშაოთ, გამონაკლისების გარეშე, კონფრონტაციის გარეშე. ყველას მინდა ვუსურვო, პირველ ყოვლისა, ჩვენს სამ ქვეყანას, რომ სამომავლოდ გზა იქნება წარმატებული და კეთილდღეობისთვის გამიზნული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ასოცირებული ტრიოს“ – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

დატოვე კომენტარი