სალომე ზურაბიშვილი - საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა და მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი, ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა და მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი, ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ზურაბიშვილის განცხადებით, 2018 წელს მიღებული კონსტიტუცია დემოკრატიული განვითარების შემდგომ საფეხურს განსაზღვრავს.

„ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება ავიღეთ – ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს დაემატა ახალი – სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი უფლებები, ეს საქართველოს თანამედროვე და პროგრესული ევროპული ქვეყნების გვერდით აყენებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, გარემოსდაცვითი უფლებები, კონკრეტულად კი  ეკოლოგიური ზიანისგან მოქალაქეების დაცვა ის პრიორიტეტია, რომელთან გამკლავებასაც ბევრი ქვეყანა ახლა სწავლობს.

„მჯერა, რომ ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ საქართველომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა აირჩია. ამ პრიორიტეტის განხორციელებას ჩვენ არა მარტო პრეზიდენტობის პერიოდში ვაპირებთ, არამედ შემდეგაც“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის საბჭოში გაერთიანების შემდეგ საქართველო 89 კონვენციასა და პროტოკოლს მიუერთდა.

პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპული კონვენცია ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ.

„საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა და მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი,  ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ. საქართველოს ქალები მრავალი საუკუნის წინ მართავდნენ. 1921 წლის კონსტიტუცია კი უკვე უზრუნველყოფდა ქალისა და მამაკაცის თანაბარ აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას. დამფუძნებელ კრებაში ხუთი ქალი მონაწილეობდა, მათ შორის იყო პირველი მუსლიმი ქალი. მე მაინც ვალდებული ვარ, არ დავკმაყოფილდე დღევანდელი მდგომარეობით – როდესაც მთავრობის ნახევარი და ორი ვიცე-პრემიერი ქალია და მიმაჩნია, რომ მეტი გვაქვს გასაკეთებელი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, მისი პირადი ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს ქალისა და მამაკაცის თანაბარ მოპყრობასა და შესაძლებლობებს საზოგადოების ყველა დონეზე, საქართველოს ყველა კუთხეში.

„სამწუხაროდ, ოჯახში თუ სხვაგან ქალების ძალადობისგან დაცვის საჭიროება ახალ გამოწვევად ჩამოყალიბდა. დიდმა სოციალურმა ცვლილებებმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს. სტამბოლის კონვენცია ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და, რაც მნიშვნელოვანია, მოძალადის პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს. მის უპირობო განხორციელებას ჩემს პასუხისმგებლობად მივიჩნევ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, 2019 წელს საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო.

„ვამაყობ, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, შემოიღეს სექსუალური შევიწროების განსაზღვრება და ამ ქმედების აკრძალვა. მართალია, საზოგადოებას ერთგვარად უჭირს ამ პირობების აღიარება, მაგრამ უფრო მეტმა ადამიანმა გაიაზრა თავისი უფლებები, განსაკუთრებით  სამსახურში“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება მკაფიო ნიშნული გახდა ბავშვის დაცვის, მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო სისტემების გაძლიერების კუთხით.

„კოდექსით განისაზღვრა ბავშვის ჩართულობის გარანტიები მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ეტაპზე სახელმწიფო შესაბამისი სისტემების ჩამოყალიბების პროცესშია“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა შრომის უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული ახალი კანონი  წინ გადადგმული ნაბიჯია.

„იგი ადგენს დაცვის მაღალ სტანდარტებს, აწესებს ეფექტიან სანქციებს, აფართოებს შრომის ინსპექტირების მანდატს და მიზნად ისახავს შრომის კულტურის შეცვლას. კანონი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს ასახავს. მთავრობა ახლა უკვე შრომის ინსპქტირების გაძლიერებაზე მუშაობს, რათა სათანადო სტანდარტების განხორციელება უზრუნველყოს. პრაქტიკაში მათი ზედმიწევნით განხორციელება დამოკიდებული იქნება ინსპექტირებისა და მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობაზე“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებებს მუდმივი დაცვა სჭირდება.

მან კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნა კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს.