სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოში კერამიკის სტუდიასა და თხილის საწარმოს ესტუმრა
სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოში კერამიკის სტუდიასა და თხილის საწარმოს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, კერამიკის საწარმოს „ორკოლი“ ესტუმრა, რომელიც უნიკალური ქართული ტრადიციით შავ, პრიალა კერამიკას აწარმოებს.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ხორციელდება მცირე ბიზნესისა და ტრადიციული წარმოების მხარდასაჭერად, რაც, ზუგდიდის კერამიკის მსგავსად, გადამწყვეტია რეგიონული განვითარებისთვის.

35-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში, რომელმაც წარმოება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გააფართოვა და განავითარა, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

კერამიკის სტუდიის „ორკოლი“ დამფუძნებლის, რობერტ აბსანძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და აღორძინდეს კოლხური და ქართული თიხის წარმოების ტრადიცია, რომელიც ქალაქ ზუგდიდისა და ზოგადად, რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საწარმო სხვადასხვა სახის კერამიკულ ნაკეთობებს აწარმოებს, რომლებზეც გამოსახული ორნამენტები უძველესი ქართული, არქაული კერამიკული ნამუშევრებიდანაა აღებული და კომპოზიციურად სინთეზია შექმნილი“, – განაცხადა რობერტ აბსანძემ.

სამეგრელოში საქართველოს პრეზიდენტი ასევე ესტუმრა თხილის საწარმოს „აგრიჯორჯია“, რომელიც „ფერეროს“ შვილობილი კომპანიაა და 1 800 ჰექტარზე მოყვანილ პროდუქციას იტალიაში ექსპორტზე აგზავნის.

კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს საწარმოს საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ კომპანიაში ამ ეტაპისთვის განხორციელებულია 100 მილიონი ევროს ინვესტიცია და ბოლო ორი წლის განმავლობაში იტალიაში, დაახლოებით, 4 500 ტონა თხილი გააგზავნეს.

საწარმოს პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 300 ადგილობრივი, სეზონზე კი, დაახლოებით, 1 500 ადამიანი.