სალომე ზურაბიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს მესამე მოსამართლე დამონდა, რა ვქნა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სჯეროდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამივე მოსამართლე, რომლებმაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამჯერად მხარს დაუჭერდნენ არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელის წარმოებაში მიღებას.
მისივე თქმით, ასევე იმედი ჰქონდა დამატებით სამი მოსამართლის მხარდაჭერის, რაც საჭირო იყო სარჩელის წარმოებაში მისაღებად.
„დემოკრატია ნიშნავს, რომ შენ მაინც უნდა მიმართო ყველა სამართლებრივ საშუალებას, რაც არსებობს ქვეყანაში. თუნდაც იმისთვის, მაგალითად, სტრასბურგი იღებს სარჩელს მხოლოდ მაშინ, თუ ამოწურე შენი ქვეყნის ყველა სასამართლო დონე. ესეც რომ არ იყოს, წესია, რომ მაინც უნდა მიმართო. არ მჯერა? არ მჯერა, მაგრამ მაინც უნდა მიმართო. აქ იყო კიდევ სხვა მომენტი და სხვა განზომილება. სამმა მოსამართლემ არ მისცა ჩემს იმპიჩმენტს თავის დროზე ხმა და დაწერა ძალიან სერიოზული განსხვავებული მოსაზრება. ამ შემთხვევაში მჯეროდა, ვიმედოვნებდი და სადღაც მაინც მწამდა იმ სამი დამატებითი ადამიანის, რომელიც საჭირო იყო, რომ მიეღოთ ეს სარჩელი, იქნებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჩათვლიდა, რომ ამით შეიძლება, ქვეყანა ძალიან სწრაფად და მარტივად დავაბრუნოთ საკონსტიტუციოს ფარგლებში და მშვიდობა დავუბრუნოთ. მჯეროდა იმ სამი ადამიანის, ვინც არ მისცა იმპიჩმენტს, რომ ესენი არ იყვნენ დამონებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში.
კითხვაზე – „მაგრამ ამ სამი მოსამართლიდან ერთმა, რომელმაც შარშან თქვენს იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა, ამჯერად მხარი არ დაუჭირა მოსარჩელეთა მოთხოვნას“, – ზურაბიშვილმა უპასუხა: „დამონდა, რა ვქნა“.
რაც შეეხება კითხვას, „ანუ, შარშან ის დამოუკიდებელი იყო და წელს დამონდა?“ – ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „მეტი და მეტი ზეწოლაა ადამიანებზე“.
„აბა? რა ხდება ქვეყანაში, არ უყურებთ? რომ მეტი და მეტი ზეწოლაა ადამიანებზე. მოკლედ, მე მქონდა ადამიანების იმედი, რომ შეიძლებოდა, ამ ცხრა მოსამართლიდან გამოჩენილიყო ექვსი, რომლებიც ჩათვლიდნენ, რომ ჰქონდათ ხელში საშუალება, ქვეყანა დაეწყნარებინათ, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ხან პიროტექნიკაზე, ხან რობოკოპებზე, ხან ყველაფერზე, შემოგვეტანა ის სიმშვიდე, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში, რადგან ამ ქვეყანაში სტაბილურობა არის ის, რაც ყველას ყველაზე უფრო გვინდა. ამათ ჰქონდათ ეს ხელში. ჯერ ერთი, შენ რომ ხარ მოსამართლე, პირველ რიგში, მიიღე განსახილველად, მოუსმინე მათ. ყველა, ვინც არის იურისტი, თანხმდება ერთ რამეზე, რომ ამ სარჩელის არმიღება იყო ისე დაწერილი, რომ ეს დაიწერა ერთ ღამეში და ალბათ ძალიან დიდი ზეწოლით, რადგან ზეწოლა საზოგადოებიდან წამოვიდა საკონსტიტუციოზე, ერთგვარად ეს იყო – გვიშველე, საკონსტიტუციო, არ გვიშველა. არ მიიღეს, არც განიხილეს, არც მოუსმინეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.