სალომე ზურაბიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, დედაქალაქები გავინაწილოთ და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ, პასუხი არ მიმიღია
სალომე ზურაბიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, დედაქალაქები გავინაწილოთ და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ, პასუხი არ მიმიღია

რეალურად, რეზოლუციაშიც ჩანს, რომ უფრო კარგად იმუშავა ოპოზიციამ, ვიდრე უმრავლესობამ, არ ჩანს?, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რას უპასუხებს „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომელსაც მმართველი გუნდი ხშირად იმეორებს, რომ საპარლამენტო ჯგუფები ევროპის სხვადასხვა ქალაქში მუდმივად მუშაობდნენ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ვიდრე ევროკომისია შეფასების ანგარიშს წარმოადგენდა და ქვეყანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში იყო, ხომ არ დააზიანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი პრეზიდენტისგან იმაზე აპელირებამ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა და პრეზიდენტის გზავნილებმა გადაწყვეტილების მიმღებებს ხომ არ მისცა დამატებითი საბაბი საკუთარი უარის გასამართლებლად, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის, რომ პროცესი მან დააზიანა, სასაცილოა.

„მე თუ დავაზიანე პროცესი, ეს ძალიან სასაცილოა და აღარ დავიწყებ იმის ახსნას, რა გავაკეთე იმისთვის, რომ ეს პროცესი მომხდარიყო. არ მიშვებდნენ ბრიუსელში და მაინც ჩავედი. სხვათა შორის, იმ დროს სრულიად არ იყო ნათელი და ამის დასაზუსტებლად ვიყავი ერთი მხრივ, მაკრონთან, რომელიც ამ დროს ევროკავშირის თავმჯდომარე იყო და ამავე დროს, შარლ მიშელთან, რათა გამეგო, ჩვენი კანდიდატურის წარდგენა შეიძლებოდა, როგორც უკრაინა და მოლდოვა წარადგინეს, თუ უარყოფით პასუხს მივიღებდით. იმიტომ, რომ ეს ნათელი არ იყო. ჩვენ მაინც, არ დავივიწყოთ, როგორ შევხვდით შარლ მიშელს და რა გავუკეთეთ კაცს, რომელიც ქვეყანაში ექვს თვეში სამჯერ იყო ჩამოსული და ამას სჭირდებოდა გადამოწმება, რაც იყო ჩემი ჩასვლის მიზანი. შემდეგ, როცა დავბრუნდი და 5 მარტს პარლამენტში გამოსვლა მინდოდა, რისთვის მინდოდა?! – იმისთვის, რომ ეს დასტური რომ მივიღე, კი ბატონო, მიდით და თქვენც შემოიტანეთ თქვენი განცხადებაო. ჩემი სურვილი იყო, ამ განცხადებაზე ყველას ერთად მოეწერა ხელი – პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, პრეზიდენტს და ყველა პარტიის ხელმძღვანელს, ან წევრ დეპუტატებს. ეს იქნებოდა პირველი სერიოზული გზავნილი, რომ ჩვენ რაღაცები შეგვიძლია ერთად. მოლდოვამ გააკეთა ეს, ჩვენ ვერა და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, მაშინ როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილიც ქვეყნისთვის დამაზიანებლად იქცეოდა, როგორ უნდა დაეძლია ეს დილემა და წინააღმდეგობები ხელისუფლებას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეს წინააღმდეგობა მუშაობით უნდა დაეძლია.

„მუშაობით უნდა დაეძლია, უფრო ხშირად ჩასვლით ყველა დედაქალაქში. ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, იმ მომენტში საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, დედაქალაქები გავინაწილოთ და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ თქო, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული და რაღაც. ამას სტრატეგია სჭირდება, ამ საქმეში ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის. არც ოპოზიციას არ ესმის. მათ ჰგონიათ, რომ როცა იქ ჩადიან და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავენ, ეს ვიღაცისთვის რამენაირად მომგებიანია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.