სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტებს შეხვდა

ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოთი დაინტერესებულ საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტებს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობა და ებრაელებთან საქართველოს მოქალაქეების განსაკუთრებული ურთიერთობა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი იდენტობა ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობისა და მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება და ჩვენ, ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი. სწორედ ამიტომ ჩვენი ინიციატივაა, რომ ,,იუნესკომ“ ქართული ტოლერანტობა არამატერიალურ ძეგლად აღიაროს. საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ პროცესში დახმარება აღუთქვეს.

მხარეებმა, პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის აშშ-დან პირდაპირი ფრენების დანიშვნის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს არსებულ ურთიერთობას რუსეთთან და სხვა მეზობლებთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან. აქცენტი გაკეთდა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე. აღინიშნა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან და ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სარგებლობის სიკეთეები და შესაძლებლობები.