სალომე ზურაბიშვილი - საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის
სალომე ზურაბიშვილი - საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის

საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში, ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის პრეზიდენტს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ დღეს ვარ 100 წლის მერე საქართველოს პირველი მეთაური, პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას. მე მგონი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. პანდემიამ შეგვიშალა ხელი ამაში, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა ხელი. ყველაფრის მიუხედავად, მე მგონი, სწორედ სიმბოლური არის, რომ მაინც შედგა ეს ვიზიტი, შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში. მაგრამ აქ აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს სწორედ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არ არის, მაგრამ ამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისკენ და სტაბილურობისთვის იბრძვის და ეს არის ჩვენი ალბათ საერთო მოვალეობა.

ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა წელს და აღვნიშნავთ ამ 100 წლისთავზე, თუნდაც იმას, რომ ავსტრიაში პირველი ნობელის პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება იყო სწორედ მშვიდობისკენ ორიენტირებული. ეს იყო მისი ცხოვრების მრწამსი და ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ გამოუშვა მარკა მისი სახელობით და მე მგონი, ესეც გვაერთიანებს, ქალი, რომელიც იყო მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი.

„ვიმედოვნებ და გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები იმისთვის, რომ ეს აღვნიშნოთ, როგორც ეკადრება ჩვენ ორივე ქვეყანას. მინდა, პირველ რიგში თქვენ გამოგიცხადოთ მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც გამოხატული იყო ავსტრიის მიერ საქართველოს მიმართ ამ წლის განმავლობაში. ერთი მხრივ, სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის იმ ქვეყნისგან, რომელმაც თვითონ განიცადა, თუ რას ნიშნავდა ოკუპაცია თავის დროზე. ჩვენთვის ესეც იმედის მომცემი არის, რომ ქვეყანამ, რომელიც იყო ამ სიტუაციაში, გადალახა და დღეს არის ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ წინ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და იმედი, რაც მთავარია. მინდა, ასევე აღვნიშნო, სოლიდარობის ნიშნად პანდემიის დროს ავსტრიამ ხელი გამოგვიწოდა და გვაჩუქა ვაქცინები. ეს არის ასევე სიმბოლური ნიშანი, ევროკავშირის ამ პარტნიორმა პატარა ქვეყანამ ნიშანი მოგვცა, რომ მარტო არ ვართ ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის გადალახული. რაღაც ფორმით უნდა ვისწავლოთ ამ პანდემიასთან ცხოვრება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ასევე მეტი პასუხისმგებლობის აღება ჩვენს თავზე, ეს არის მოქალაქის ვალი.

ასევე, სოლიდარობა გამოხატულია; თქვენც ახსენეთ, ბატონო პრეზიდენტო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ავსტრია მონაწილეობს, მონაწილეობს ხუთი წევრით დღევანდელ დღეს და ესეც არის ის ნიშანი, რომ თქვენ ჩვენ ამ სადელიმიტაციო ხაზზეც ხართ; დიდი იმედი გვაქვს, ყოველ ჩემს შეხვედრაზე ეს საკითხი აღნიშნულია, რომ აუცილებელია სადამკვირვებლო მისიის მანდატი როგორც იყო გათვალისწინებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, ამ მისიამ შეძლოს და გახადოს მთლიანად ის ტერიტორიები, რისთვისაც იყო შექმნილი თავის დროზე და ამითი ალბათ გადაიდგმება ის პირველი ერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება გადაიდგას დეესკალაციის მიმართულებით. ამაში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ თქვენ მონაწილეობთ ამ წამოწყებაში და ამ ღონისძიებაში“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს.