სალომე ზურაბიშვილი - რუსულ კანონს გავლენა ჰქონდა არჩევნებზე, წინასაარჩევნოდ მომზადების ნაცვლად, არასამთავრობოები ფოკუსირებული იყვნენ კანონის შესაძლო გავლენაზე და გვიან დაიწყეს დამკვირვებელთა მომზადება
სალომე ზურაბიშვილი - რუსულ კანონს გავლენა ჰქონდა არჩევნებზე, წინასაარჩევნოდ მომზადების ნაცვლად, არასამთავრობოები ფოკუსირებული იყვნენ კანონის შესაძლო გავლენაზე და გვიან დაიწყეს დამკვირვებელთა მომზადება

რუსულ კანონს და პროტესტს გავლენა ჰქონდა არჩევნებზე. ეს ნიშნავდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოზე დამკვირვებლებად, ფოკუსირებული იყვნენ რუსულ კანონზე და ამ კანონის შესაძლო გავლენაზე, იმის ნაცვლად, რომ მთლიანად ემუშავათ არჩევნებისთვის მომზადებაზე, მათ გვიან დაიწყეს დამკვირვებლების მომზადება არჩევნებისთვის ზაფხულის პერიოდში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ონლაინსიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ კონსტიტუციით დადგენილი წესების მიღმა ვართ ამ არჩევნებით, რომელიც უარყოფილ იქნა მოსახლეობის და პოლიტიკური პარტიების მიერ. ისინი არ აღიარებენ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას, არც ჩვენი პარტნიორები აღიარებენ მას, გარდა ერთი ქვეყნისა, რომელიც მმართველი პარტიის ახლო პარტნიორია. ეს არჩევნები მომზადებისა და ჩატარების სტილით იყო ძალიან რუსული ტიპის. ნათლად იყო რუსეთის ჩარევის მცდელობა, ვიცით, რომ იყვნენ რუსი პროპაგანდისტები, განსაკუთრებით პიარის კუთხით, ამ არჩევნების მომზადების პერიოდში. საარჩევნო კამპანიის ყველაზე დიდი პროპაგანდა რუსეთიდან იყო ინსპირირებული, ზოგიერთი ვიდეო პირდაპირი ანალოგი იყო იმ ვიდეობისა, რომელიც რუსეთში იყო გამოყენებული წინასაარჩევნო პერიოდში. ვფიქრობ, არ არის საჭირო დამატებითი მტკიცებულები, ყველაფერი სახეზეა და ნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგია, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება.

რაც საქართველოში ხდება, ნიადაგის მოსინჯვაა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია უკრაინაში, რუსეთი ტესტავს ალტერნატივებს, რაც არის ჰიბრიდული ომი მისი მეზობლების მიმართ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი, მოლდოვა იყო პირველი და მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, მოლდოვის დიასპორის დამსახურებით და ამან შეცვალა ის შედეგები, რისი იმედიც რუსულ პროპაგანდას ჰქონდა. მაგრამ საქართველო შემდეგი საცდელი პოლიგონია და იყო კიდევ ერთი თქვენთან ახლოს მყოფი, რუმინეთი, სადაც კიდევ ერთი პოლიგონი ვნახეთ, ამ „ტიკ-ტოკ“ არჩევნებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ყველა უნდა იყოს შეშფოთებული, პირველ რიგში, საქართველო, რადგან ახლა ყველას უახლოესი მომავალი წყდება.

„ყველა ჩვენგანი უნდა იყოს შეშფოთებული იმ ფაქტით, რომ რუსეთი ცდილობს ახალ სტრატეგიას, რომელიც არის ნაკლებად ხარჯიანი, რადგან ის ნაკლებად პირდაპირია. ეს არის ჰიბრიდული სტრატეგია და საქართველო მათთვის არის კარგი ტესტი, რადგან აქ არის ახლა ხელისუფლება, რომელიც, ფაქტობრივად, რუსების მარიონეტი გახდა, რომელიც ახორციელებს რუსულ მეთოდებს და რუსულ კანონებს. ჩვენ გვაქვს რუსული კანონის ერთი შემთხვევა, რომელიც პირველად წარადგინეს 2023 წელს და მასობრივი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ ისინი აღარასდროს წარადგენდნენ ხელახლა რუსულ კანონს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი ფუნქციონირების წინააღმდეგ და რომელიც იყო კანონი, რომელმაც რუსეთს მისცა შესაძლებლობა, მთლიანი კონტროლის ქვეშ მოექცია საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება.

ასე რომ, იგივე იყო ამ რუსული კანონის მიზანი, რომელიც ერთხელ გაუქმდა, თუმცა ტყუილი ხელისუფლებისთვის რეგულარული გახდა და მათ ხელახლა წარადგინეს ეს რუსული კანონი მარტში, არჩევნების წინ. ამ კანონის წინააღმდეგ ისევ იყო მასობრივი პროტესტები, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს, რაც იყო ამ კანონის გაუქმება. ამ კანონს და პროტესტს ჰქონდა გავლენა არჩევნებზე. ეს ნიშნავდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოზე დამკვირვებლებად, ფოკუსირებული იყვნენ რუსულ კანონზე და ამ კანონის შესაძლო გავლენაზე, იმის ნაცვლად, რომ მთლიანად ემუშავათ არჩევნებისთვის მომზადებაზე და მათ გვიან დაიწყეს დამკვირვებლების მომზადება არჩევნებისთვის ზაფხულის პერიოდში.

ამგვარად, ისინი საკმაოდ შეფერხდნენ ამ კანონის გამო და მას ჰქონდა მათზე გავლენა არჩევნებამდე და არჩევნების დროს. საზოგადოების პროტესტთან ერთად, რომელიც არ აპირებს გაჩერებას, მნიშვნელოანია, რომ ამ პროტესტს აქვს ორი მიზანი – ერთი ეხება არჩევნების პროტესტს და არჩევნების მიუღებლობას – „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ – არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ პროტესტის, რომელიც გაჩერებას არ აპირებს. „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ ნიშნავს ახალ არჩევნებს. ამასთან ერთად, „დამიბრუნე ჩემი ხმა“ ნიშნავს“, რომ „მე არ მიმიცია არავისთვის მანდატი“ და რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაამტკიცა ამ პარლამენტმა, არის არალეგიტიმური და მას არ აქვს მანდატი, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 28 ნოემბერს, რომელიც აჩერებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის ნებას, რაც არის ქართველი ხალხის მუმდივი მხარდაჭერა, რომელიც გამოხატულია ხმის მიცემისას, სოციოლოგიური კვლევებისას და მსვლელობებისას ბოლო 15 წლის განმავლობაში.

საქართველოში არასდროს ყოფილა საპროტესტო გამოსვლები სხვა საკითხზე, როგორიცაა სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები, არამედ იყო საქართველოს ევროპული გზის დასაცავად, დამოუკიდებლობის დასაცავად, რუსეთის ორბიტაზე რამე ფორმით დაბრუნების წინააღმდეგ. ის, რასაც ახლა ვხედავთ და რატომაც ვამბობ, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო, ეს არ ეხება შედეგებს რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მეორის ნაცვლად, ეს არ არის გაყოფა ორ საქართველოს შორის, ეს სინამდვილეში არის კითხვა – ევროპა თუ რუსეთი. და ის, რასაც ვხედავთ არჩევნების შედეგ, არის გაძლიერებული და დაჩქარებული მცდელობა, მოაქციონ საქართველოს რუსული რეჟიმის ქვეშ.

მე ვისაუბრე რუსული კანონის შესახებ, თუმცა არის კიდევ ბევრი სხვა რუსული კანონი, რომელიც მიიღეს ახლა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მიმდინარეობისას, როდესაც არავინ აქცევდა დიდ ყურადღებას იმას, რაც ხდებოდა პარლამენტის შიგნით, რომელიც არ არის აღიარებული. თუმცა რეპრესიული კანონებიდან ერთ-ერთი ეხება საჯარო მოხელეებს და ის წარმოადგენს საჯარო მოხელეების, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში დასაქმებულთა 30%-ს ან მეტს, დაშინების დიდ შესაძლებლობას, რომლითაც მათ ეუბნებიან, რომ შეუძლიათ მათი სამსახურიდან გათავისუფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მათ არ შეეძლებათ გასაჩივრება სასამართლოში, არ შეეძლებათ კომპენსაციის მიღება და საჯარო სამსახურში ნებისმიერის აყვანა არის შესაძლებელი ყოველგვარი კრიტერიუმისა და დიპლომის გარეშე. ეს ანადგურებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, რომელიც მზადდებოდა წლების განმავლობაში ევროპულ ინსიტუტებთან და ჩვენს ზოგიერთ პარტნიორთან ერთად და რომელიც იყო ძალიან ევროპული კანონი დაცვის მექანიზმით, ანაცვლებს მას საჯარო სამსახურის მთლიანად პოლიტიზირებით და მას ერთი პარტიის მმართველობას უქვემდებარებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.