სალომე ზურაბიშვილი - რუსეთს არ შეუცვლია პოზიცია, რუსეთის მხრიდან აგრესია და პროვოკაცია ერთმანეთს ცვლის
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთს არ შეუცვლია პოზიცია, რუსეთის მხრიდან აგრესია და პროვოკაცია ერთმანეთს ცვლის

ბოლომდე ნათელი არ არის ევროპის მომავალი, საქართველოს შემთხვევაში კი, უფრო მეტი გაურკვევლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ესტონეთში, ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რუსეთის მეზობლობა არც თუ ისე უსაფრთხოა”.

„საქართველოს 20% არის ოკუპირებული, საოკუპაციო ხაზი კი, დედაქალაქიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებითაა. ნათელია, რომ რუსეთს არ შეუცვლია პოზიცია. პირიქით, რუსეთის მხრიდან აგრესია და პროვოკაცია ერთმანეთს ცვლის. ერთ-ერთი გამოვლინებაა მცოცავი ოკუპაცია, სამხედრო ბაზების განლაგება და რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარება. რუსეთის მეზობლობა არც თუ ისე უსაფრთხოა, ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, რომელიც არის შავი ზღვის მეორე სანაპირო. ამ რეგიონში კი საფრთხის კერები გაჩნდა. ასევე მეორე მხარეს გვესაზღვრებიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებიც ასევე გაურკვევლობაში არიან. მათ შორის არის თურქეთი, რომელიც უკვე აღარ ვიცით, რა გზას აირჩევს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ დემოკრატია, ეკონომიკა და ჩვენი კავშირები დასავლეთთან, თუმცა მომავალი მაინც არ არის ნათელი. თუ წარმოვიდგენთ მსოფლიოს, რომელშიც უეცრად ევროპულ პერსპექტივას და ნატო-ს სოლიდარობას ვკარგავთ, ჩვენ იზოლირებულები ვიქნებით. ქვეყანა პერსპექტივისა და მომავლის გარეშე დარჩება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.