სალომე ზურაბიშვილი - როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე
სალომე ზურაბიშვილი - როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „როგორც აქამდე, პირადად განაგრძობს აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ასევე ეროვნული თანხმობის პროცესს.

ამასთან, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ არჩევანს და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადაეცემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლუკას მანდლის განცხადებით, „საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა“.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დაფარვის ზონის გაფართოების მნიშვნელობას.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალის გამოყენებაზე უარის თქმა საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპულ და არა ომის პერსპექტივას ვთავაზობთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვა არა კონფრონტაციის, არამედ უსაფრთხოების ზღვა იყოს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლუკას მანდლი; ქვეკომიტეტის წევრები იუაზა ოლეკასი და ელენა იონჩევა, ასევე ევროპული პარლამენტის წევრი ლარს პატრიკ ბერგი.