სალომე ზურაბიშვილი - რაც უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულით, ვიცოდეთ, რომ გვაქვს უფრო მეტი საერთო, ვიდრე დასაყოფი
სალომე ზურაბიშვილი - რაც უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულით, ვიცოდეთ, რომ გვაქვს უფრო მეტი საერთო, ვიდრე დასაყოფი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიის მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და მათ მშვიდობა უსურვა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად,  მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ იყოს სიყვარული და განცდა, რომ აქვთ უფრო მეტი საერთო, ვიდრე – გასაყოფი.

„პირველ რიგში, ყველას მოგილოცავთ კალანდობას, საზოგადოებას, რომელიც აქაა შეკრებილი. ეს არის არაჩვეულებრივი დღესასწაული, რომელიც შენარჩუნებულია ჩვენს ტრადიციებში,  ამდენად არის ძალიან ძლიერი და ბევრის მომტანი. რადგანაც ვართ გურიაში, მინდა,  ყველას გისურვოთ, მშვიდობა, მშვიდი წელი იყოს, ერთმანეთს არ ვეჯაჯგუროთ, ვიყოთ ერთიანნი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს  ჩვენი შეხედულებები, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სიყვარულით, რადგან ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გავიარეთ, ბევრს გავივლით, მაგრამ ვერ გავივლით, თუ არ გვექნება შიგნით, ჩვენში ეს განცდა, რომ რაც არ უნდა ერთმანეთისგან განსხვავებულობა იყოს, მაინც გვაქვს უფრო მეტი საერთო, ვიდრე დასაყოფი. ამას გთხოვთ ჟურნალისტებსაც, მე იმას კი არ გთხოვთ, რომ  არ გამაკრიტიკოთ, მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთიანი მიზანი გაგვაჩნია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა, ერთად ვიყოთ ამაში დარწმუნებული“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა თავი შეიკავა 20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან.

„არ მინდა, ახალი წლის დღეს ვახსენო სააკაშვილი, არც სხვა. ეს არ არის პოლიტიკური დღე, ეს არის ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე. ერთი დღე მაინც იყოს, როცა არ ვცდილობთ, ერთმანეთი დავყოთ“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.