სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის განცხადებით, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ იქნებოდა რეგიონების პრეზიდენტი და იგი ამ დაპირება ასრულებს.

„წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ვიქნებოდი რეგიონების პრეზიდენტი. ეს, უპირველესად, ნიშნავს პრეზიდენტის ყურადღებას რეგიონების მიმართ. პრეზიდენტს შეუძლია რეგიონის ადვოკატირება და შეუძლია, იყოს მთავრობასთან შუამავალი, რომ ზოგიერთი მიმართულება გაძლიერდეს. პრეზიდენტს აქვს სიტყვის თქმის უფლება და შესაძლოა, ეს სიტყვა ძალიან ძლიერი იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იმერეთის რეგიონში შეხვედრებისას, ბევრი ადგილი დაათვალიერა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„ბევრი კულტურული დაწესებულება ნანახი მქონდა. პრობლემების დიდ ნაწილს ადრეც გავეცანი, მინდოდა სხვა კუთხით დამენახა ეს ქალაქი. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ქუთაისს, მაგრამ აუცილებელია დავინახოთ ეს პოტენციალი. მჯერა, აქ არის ბევრი მიმართულება, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს. უპირველეს ყოვლისა, ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი, როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქმა. საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი ვარ და ვფიქრობ, ჩემი დანიშნულებაა, ყოველივე ეს მივიტანო იქამდე, სადაც პარტნიორები გვყავს. გავაგებინო, რომ ქართული კულტურა მსოფლიო კულტურის, ასევე ევროპის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლახან ვიყავი ბრიუსელში, ევროკავშირის „შტაბკვარტირში“. ძალიან ბევრი კუთხით ახლოს ვართ ​გაწევრიანებასთან, მაგრამ დიდი წინააღმდეგობებია პოლიტიკური გარემოებების გამო. შეგვიძლია მოვითხოვოთ, გავხდეთ ევროპის კულტურის სრულყოფილი წევრი. ჩვენ უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპული კულტურის შემადგენელი ნაწილი. როცა ახლოდან ხედავენ, რა არის ჩვენი კულტურა, მაშინ კითხვა არ ისმის, რატომ უნდა მიიღონ საქართველო ამ წრეში. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მისია და ამ მისიაში ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ქუთაისს, თავისი მრავალფეროვნებით. ეს არის ის, რაც აქ უნდა იყოს დაცული და განვითარებული. ერთი მიმართულება მნიშვნელოვანია – ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. აღარაფერს ვიტყვი გელათზე, რომელიც ჩაწერილია იუნესკო-ს ძეგლთა სიაში. ეს მნიშვნელოვანია. აღარ გავიხსენებ ბაგრატის ტაძრის სამწუხარო ბედს. ბევრი რამ შეგვიძლია, რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.