სალომე ზურაბიშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, დღეს აქ იბადება ახალი საქართველო
სალომე ზურაბიშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, დღეს აქ იბადება ახალი საქართველო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც თავის დროზე, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, ამ უნივერსიტეტის გახსნით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ უმაღლესი განათლება და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წევრები გახდნენ.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც თავის დროზე, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო. საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც მსოფლიოს მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, ახალგაზრდამ მიიღოს უმაღლესი დონის განათლება ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების და მისი ავანგარდის სრულფასოვანი წევრი იყოს. პანდემიისა და გლობალური კრიზისის დროს ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა არ რის მარტივი საქმე. ეს სამაგალითო საქმეა. ამას სჭირდება გამბედაობა. ასეთ ნაბიჯს სჭირდება რწმენა მომავლისა, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის და ხვალინდელი დღისა. ეს იმ გამძლეობის და გამბედაობის გაგრძელებაა, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე.

შემთხვევით არ არის, რომ ეს ხდება ქუთაისში. ქუთაისი არა მხოლოდ კოლხეთის დედაქალაქი, არამედ საქართველოს ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრია; ქუთაისი – ეს არის გელათის აკადემია. ქუთაისმა ქართველი ერის განათლების მისიას ყველა ეპოქაში წარმატებით გაართვა თავი. გასულ საუკუნეში ქუთაისში თავმოყრილი ინტელექტუალური ძალების თბილისში გადასვლამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება განაპირობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქვეყნის ისტორიაში არის სხვადასხვა ეტაპი, როცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადადის მეცენატებსა და მათ პრიორიტეტებზე. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენს ისტორიაში მსგავსი მეცენატობისა, როცა ერთი ადამიანის ხედვამ განაპირობა ათწლეულობით საქართველოს წარმატება მთელ რიგ დარგებში. ჩვენი კულტურის და განათლების განვითარება დიდწილად მათზე იდგა. დღეს სწორედ მსგავსი ფაქტის თანაზიარნი ვართ. მინდა, მადლობა მოვახსენო ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის, ფონდ „ქართუსა“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილიშვილო საქმეში. ვულოცავ ქუთაისსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს შენაძენს. დაე, ეს უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერებისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.