სალომე ზურაბიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების დაწყებას მიესალმება
სალომე ზურაბიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების დაწყებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ინიციატივას – „პროპორციული არჩევნები – 2020“-ის თაობაზე კონსულტაციის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდა დეესკალაციისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პოლიტიკური დიალოგისკენ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს 21 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა და ქვეყანაში ვითარების განსამუხტად, საკონსულტაციოდ და კონსენსუსის მისაღწევად, პირადი ჩართულობა შესთავაზა.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია. ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც ძალაში რჩება საპრეზიდენტო პლატფორმის საკონსულტაციოდ გამოყენების შეთავაზება. შიდა დეესკალაციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით, ამ პროცესებით გამოწვეული რყევების მიმართ მგრძნობიარე ბიზნესსფეროებს.

საქართველოს პრეზიდენტი პრიორიტეტულად მიიჩნევს ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საქართველოში, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, დაცულია ყველა ტურისტისა და სტუმრის უსაფრთხოება”, – აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

​​ამასთან, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი აჭარას ეწვევა, ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და დაესწრება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას „ჯანსაღი ქალი ჯანსაღ სამყაროში“.

დატოვე კომენტარი