სალომე ზურაბიშვილი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ რომელიმე მიმართულებით ცვლილება საჭიროდ მივიჩნიეთ, ინფორმაცია პარლამენტამდე არ მივიტანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ჰყავს საპარლამენტო მდივანი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან.

„პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა იყოს რგოლი საზოგადოებასა და აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. იმისთვის, რომ კანონმდებლობაში იყოს წინსვლა, აუცილებელია შესაბამისი მოსაზრებები და ინიციატივები მიტანილი იყოს იქ, სადაც საჭიროა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პრეზიდენტს თავისი როლი აქვს შესასრულებელი. მოგეხსენებათ, პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ რომელიმე მიმართულებით ცვლილება საჭიროდ მივიჩნიეთ, ინფორმაცია პარლამენტამდე არ მივიტანოთ. აქ არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი, რომლის მთავარი დანიშნულება არის უშუალო კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, რომ ჩვენ მივიტანოთ შესაძლო ინიციატივები, შემდეგ მივყვეთ, როგორ და რა ფორმით შეგვიძლია თუნდაც არაფორმალური მონაწილეობა მივიღოთ ამ ინიციატივების განხილვაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ინიციატივა, რაც აქედან წამოვა, იქნება მიღებული და გათვალისწინებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქეთი მახარაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის მთავარი თემა არის ცრუ ინფორმაციის, დეზინფორმაციის პრევენციისა და რეგულირების საკითხების განხილვა.

როგორც მახარაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.

„პირველ რიგში, გვსურს, რომ ამ თემაზე საუბარი დავიწყოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. გამოვკვეთოთ, რა პრობლემებია, ჩვენი საზოგადოება როგორ ხედავს ამ პრობლემებსა და მათი გადაჭრის მექანიზმებს. შესაბამისად, გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას უკვე ალბათ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომ კონკრეტულ რეკომენდაციებამდე მივიდეთ, რომლებიც შემდგომ უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნება საკანონმდებლო ორგანოსთან და მთავრობასთან წარდგენილი, შესაბამისად, ერთობლივად ვიმუშავებთ ამ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად”, – განაცხადა ქეთი მახარაშვილმა.