სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი თანამშრომლების შესახებ განცხადებას ამ ეტაპზე არ აკეთებს
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი თანამშრომლების შესახებ განცხადებას ამ ეტაპზე არ აკეთებს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სავარაუდოდ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია იქნება. სალომე ზურაბიშვილმა ამ თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ლაშა ჟვანია ჯერ არ არის დანიშნული.

„ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე ახლა ვმუშაობ, სანამ არ ვარ ჩამოყალიბებული, არ ვაკეთებ კომენტარებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ დეტალებს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა სცენარია, რომელთა შესახებაც ჯერ ვერ ისაუბრებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შესაბამის კომისიასთან დაკავშირებით შეხვედრა დღეისთვის აქვს დაგეგმილი.

ლაშა ჟვანიამ პირველ არხს დაუდასტურა, რომ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან მიიღო წინადადება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელოს.