სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი ვალდებულია, იყოს ზეპარტიული, ამიტომაც მისი მოვალეობა არა მხარედ ქცევა, არამედ შერიგებაა
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი ვალდებულია, იყოს ზეპარტიული, ამიტომაც მისი მოვალეობა არა მხარედ ქცევა, არამედ შერიგებაა

ხშირად ისმის ასევე კითხვები, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი პოზიციას ამა თუ იმ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოს სახე, თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი და მაშასადამე, ვალდებულია, იყოს ზეპარტიული. ამიტომაც მისი მოვალეობა, არა მხარედ ქცევა, არამედ შერიგებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მით უმეტეს, როცა საქმე სასამართლოში წარიმართება.

„ის რაზედაც ვსაუბრობ ინაუგურაციიდან დღემდე ყველა ჩემს გამოსვლაში და რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი უმაღლესი მიზანი – პრეზიდენტი ვალდებულია, შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მით უმეტეს, როცა საკითხები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

მე საქართველოს პრეზიდენტი ჩართული ვარ იმ პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი დემოკრატიის გამყარებასთან და საზოგადოების გაერთიანებასთან. ამის დასტური არის დღევანდელი დღე, სადაც ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ, თუ ყველა არ მოვიდა, რადგან ასეთ ღონისძიებაზე დასწრება – ეს არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, კონსტიტუციას, ჩვენს დროშას, დამოუკიდებლობას და ყველა იმ მთავარ გამოწვევებს, რაც ჩვენ წინ დგას. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ ბევრი კითხვები ისმება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.