სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია, მისცეს რჩევა და მითითება ხელისუფლებას
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია, მისცეს რჩევა და მითითება ხელისუფლებას

პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია, მისცეს რამე რჩევა და მითითება ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა შედგეს სია, ეს არის იმ პირების გადასაწყვეტი, რომლებიც არიან პროცესის მონაწილეები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტი არ ერევა.

„შემიძლია, ვიყო საზოგადოების მხარეს და ვთქვა, თუ რა არის საზოგადოების მოლოდინი, რომ იყოს ამაღლებული ნდობა საზოგადოების მიმართ. მე პირადად არაფერს ვურჩევ მმართველ გუნდს. მე ვარ პრეზიდენტი, რომელიც წარმოვადგენ ინსტიტუტს, ამ ინსტიტუტს არ აქვს კომპეტენცია და უფლება, რომ მისცეს რამე რჩევა, ან რეკომენდაცია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, მოსამართლეების საკითხზე რას ურჩევს იმ გუნდის, რომლის დამსახურებაც არის მისი პრეზიდენტობა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობა ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის ჩემი პრეზიდენტობა. მე რომ პრეზიდენტი ვარ, ეს ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგია. მე უნდა ვიყო ამ ნდობის ღირსი. ვიქნები ღირსი, თუ მე, ჩემს კომპეტენციას შევასრულებ ბოლომდე და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.