სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკა უნდა გავხადოთ მიმზიდველი არამარტო ქალებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც
სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკა უნდა გავხადოთ მიმზიდველი არამარტო ქალებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც

პოლიტიკა უნდა გავხადოთ მიმზიდველი არამარტო ქალებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ასპინძაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალებმა პოლიტიკაში თანასწორი უფლებები უნდა მოიპოვონ. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში არსებული აგრესიის გამო, ეს სფერო ქალებისთვის მიმზიდველი არ არის.

„თანასწორობა არის მნიშვნელოვანი, მე მოვდივარ ქალი პრეზიდენტი. ქალებმა უნდა მოიპოვონ თანასწორი უფლებები, თუნდაც პოლიტიკაში. თუ პოლიტიკაში ქალები ისე მრავლად არ არიან, როგორც მამაკაცები, ეს იმიტომ რომ ქალებს ამის სურვილი არ აქვთ, რადგან აგრესია, რომელიც პოლიტიკაში სუფევს, ქალებისთვის მიმზიდველი არ არის. პოლიტიკა უნდა გავხადოთ მიმზიდველი არამარტო ქალებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის, რომ დაინერგოს ახალი პოლიტიკური კულტურა.

ჩვენ არ შეიძლება ჩავრჩეთ საბჭოთა კავშირის კულტურაში, სადაც გრძელდება ეს გაუგებარი ჩანაწერები, ზეწოლები, შიშით მოყვანილი ხალხი. გადავიდეთ 21-ე საუკუნეში. ჩვენ არაფრის არ გვეშინია. 21-ე საუკუნე არის ჩვენი ქვეყნის საუკუნე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, კულტურულ ძეგლებს ყურადღება უნდა მიექცეს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კულტურული ძეგლების აღდგენის საკითხს ის აუცილებლად ყურადღებას მიაქცევს.

„კულტურულ ძეგლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუმცა ჩემი ერთი ნათქვამი ცუდად და ამოგლეჯილად იქნა გაგებული. იმის თქმა მინდოდა, რომ ახალი ეკლესიების აშენების მაგივრად, სადაც არის მოთხოვნა, აღდგენილი იყოს ჩვენი ძეგლები, ჯერ ამით უნდა დავიწყოთ, ეს უფრო რთულია, მაგრამ ბევრად მეტის მომტანია. ზუსტად ამისკენ უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა მიმართული. ვალდებული ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო ამ საკითხებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, პრეზიდენტი თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი უნდა იყოს და ისინი ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს.

„არც ერთი ჯარი არ გამიყვანია საფრანგეთიდან, არც ერთი სამხედრო ბაზა, მაგრამ ფრანგებმა დამაჯილდოვეს. სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთმა პრეზიდენტმა არც ერთი ორდენით არ დამაჯილდოვა და უფრო ჩვევა ჰქონდათ, რომ ხელს არ მართმევდნენ. ეს არის უცნაურობა ცხოვრებაში, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ უწმაწური სიტყვებით გიხსენიებენ, ეს არის გარდამავალი. რაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტი უნდა იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი, არ შეიძლება, რაიმე განსხვავება შემოიტანოს ხალხს შორის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.