სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა

პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

„პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

„სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.