სალომე ზურაბიშვილი - პანიკის საფუძველი და უფლება არ გვაქვს, თუმცა პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარს სიფხიზლეზე, რეკომენდაციების გათვალისწინებაზე
სალომე ზურაბიშვილი - პანიკის საფუძველი და უფლება არ გვაქვს, თუმცა პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარს სიფხიზლეზე, რეკომენდაციების გათვალისწინებაზე

დღეისთვის, იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, ჩვენთან მდგომარეობა საგანგაშო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში არის აღნიშნული.

მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ახალ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბარობს და ამბობს, რომ ყველას ევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება.

„ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო, ცხოვრების სრულიად განსხვავებულ რეჟიმზეა გადასული. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოცხადდა. ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ვითარება სერიოზულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პანდემია გულისხმობს საფრთხის არა გარკვეულ საფეხურს, არამედ მიუთითებს დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე, ანუ ყველა კონტინენტზე გავრცელებაზე.

დღეისთვის, იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, ჩვენთან მდგომარეობა საგანგაშო არ არის. პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია, მოვდუნდეთ და არ მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ყველას გვევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მიიღო აუცილებელი ზომები. პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები. ამის შემდეგ გაუქმდა ვიზიტები რეგიონებში. ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა, ამ განსაკუთრებულ რეჟიმში სრულფასოვნად მუშაობა გრძელდება და გრძელდება ადმინისტრაციის მუშაობა უწყებათაშორის კომისიაში“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

მისი თქმით, პირველივე დღიდან სახელმწიფო და კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად და პანიკის საფუძველი არ არის.

„შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ. ამის შედეგია, რომ დაავადებამ ამ დრომდე არ მიიღო გავრცელების უფრო მძაფრი ფორმა.

საერთაშორისო პარტნიორებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასეს ჩვენი ნაბიჯები. სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ჩვენ პანიკის არც საფუძველი და არც უფლება არ გვაქვს. პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.  ეს არის ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ დაავადების გავრცელების არეალი, მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს.

„სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა კოლექტიურად უნდა ავიღოთ და გავინაწილოთ.  ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეპიდემიასთან გამკლავება არ შეიძლება, ქსენოფობიასა ან აგრესიაში გადაიზარდოს.

„ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ.

ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებებსაც მიმართავს და შექმნილ ვითარებაში მათი როლის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„მინდა, მივმართო მედიასაშუალებებს: თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ყველა სიახლე, რაც ამ პროცესს ეხება. საზოგადოების სრულად და დროულად ინფორმირება თქვენი ვალდებულებაა. ამ პროცესის სწორი მართვისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, გამჭვირვალობა, მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ კი, აუცილებელია, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორც პანიკის მთავარი წყაროსგან, თავშეკავება.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვითარების გარკვეულწილად გამწვავებისთვისაც, რასაც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, თუმცა, დამცავი მექანიზმები გვაქვს. მჯერა, რომ როგორი სამაგალითოც იყო ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება ეპიდემიის პირველ ეტაპზე, ასეთივე იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. მთავარია, ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა“, – აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტი თავის მიმართვაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ.

დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დატოვე კომენტარი