სალომე ზურაბიშვილი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე უნდა ჩატარდეს
სალომე ზურაბიშვილი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე უნდა ჩატარდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას განიხილეს პანდემიით შექმნილი რთული ვითარება და ნატო-ს გენერალურ მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას ეფექტიანი უწოდა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა.

მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო, ევროპაში ნატო-ს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების მიუხედავად, იგი მომავალ წელს ჩატარდება და მას, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოც უმასპინძლებს, რაც მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მაჩვენებელია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობს – შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ნატოსა და ევროკავშირისათვისაც და კიბერუსაფრთხოება.

სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის მხარეებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაუზიარონ ერთმანეთს და კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, უფრო მეტი გეგმები უნდა განახორციელონ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა, უმაღლესი შეფასება მისცა ამ თანამშრომლობას და მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას კი, შთამბეჭდავი და მტკიცე უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე უნდა გაიმართოს.