სალომე ზურაბიშვილი - მოვდივარ, როგორც ემიგრაციის შვილი და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
სალომე ზურაბიშვილი - მოვდივარ, როგორც ემიგრაციის შვილი და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

მოვდივარ, როგორც ემიგრაციის შვილი და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბავშვობიდან ჰქონდა გრძნობა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში რაღაცნაირად მაინც მიიღებდა მონაწილეობას და ამისთვის, მისივე თქმით, „ისე თუ ასე“ ემზადებოდა და სწორედ ამ განზრახვამ მიიყვანა ის საპრეზიდენტო კარებამდე.

„მოვდივარ ჩემი წარსულით, მოვდივარ ჩემი მტკიცე პრინციპებით. ზოგჯერ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ცოტა ნამეტანად მტკიცე, ჩემი ხასიათით, შეცდომებითა თუ წარმატებებით და ასევე ჩემი მომავალის ხედვით, რომელზეც ძალიან ბევრი მიფიქრია ამ 66 წლის მანძილზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას აქვს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რის გამოც, ის ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის. ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მის განვლილ გზაზე ბევრი მძიმე ეპიზოდი იყო, თუმცა საერთოდ არაფერს ნანობს.

„კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტიც ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტად მოდის თავისი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის დასაწუნია, თუმცა მან ენის გასამართად ბევრი იმუშავა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტებს მოუწოდა, არ დაივიწყონ ქართული და საქართველოში დაბრუნდნენ იმ ქართული მეტყველებით, როგორიც აქვთ, რადგან ისინი წარმატებას მაინც მიაღწევენ და ამის მაგალითად ზურაბიშვილმა საკუთარი თავი მოიყვანა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა.

„პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და იმისთვის, რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა, აღარასოდეს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები. ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში ყველა მიმართულებით დავკარგეთ ტერიტორიები. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც გვინდა ამ ტერიტორიების, ამ საზღვრების გამთლიანება. მოვდივარ იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით. მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, რადგან ბოღმა, ტყუილი სიძულვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა. ჩემამდე ბევრად უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა, მერმე ხორცსა“ და ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში. შეიძლება ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ტრიალებს ამ ქვეყანაში. ქმნის რაღაცა შავ აურას და ამას ვხედავთ, მერე გადადის ახალგაზრდებზე. ეს უთუოდ უნდა ავიცილოთ თავიდან და ამაზე მე კი არ ვარ რაღაცა სასწაული კოხის მომტანი, ამაზე უნდა ვიმუშაოთ. თქვენ, მე, მედიამ, რომელიც დიდი როლი არის ამ სიტუაციაში, რომ რაღაცნაირად გამოვასწოროთ. ცხადია არის სკოლაც, მაგრამ ჯერ ეს იწყება ოჯახში და მერე სკოლაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, საქართველოში ტრიალებს სიძულვილი, რომელიც ქმნის შავ აურას და ყველაფერი გადადის ახალგაზრდებზე. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას თავადვე გეგმავს ქართული საზოგადოების ჩართვით. პირველ რიგში კი, მედიისა და სკოლის ჩართულობით.