სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში არის ძალიან ზომიერი საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი ვრცელდება მხოლოდ ზოგ ადგილას
მოსახლეობას ვუთხრათ, რამდენად საჭიროა, რაღაც პერიოდი გავიჭირვოთ და მივიდეთ ბოლომდე იმისთვის, რომ არ დაგვჭირდეს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განახლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელეს.
სალომე ზურაბიშვილმა შემაჯამებელ გამოსვლაში განაცხადა, რომ სრულად იყო ინფორმირებული, სანამ ხელს მოაწერდა პრემიერის წარდგენას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„აქ დაისვა ცოტა შეურაცხმყოფელი კითხვა, რამდენად არის პრეზიდენტი ინფორმირებული, სანამ ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით მოთხოვნას, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტი არის სრულად ინფორმირებული. ალბათ თქვენც იცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მონაწილეობს უწყებათაშორის საბჭოში, რომელშიც პრეზიდენტი თვითონ ვერ იქნება, რადგან თავმჯდომარე არის პრემიერი. ეს არის ის გადანაწილება, რაც ყველასთვის გასაგებია, ამიტომ იქიდან გვაქვს ყველა ინფორმაცია, მაგრამ არა მხოლოდ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედებს ძალიან ზომიერი მოდელის საგანგებო მდგომარეობა და არა სრული კარანტინი.
„მოგიწოდებთ და თუ ამისი მოთმინება გაქვთ, შეგიძლიათ, ყოველდღიურად მიიღოთ სრული ინფორმაცია მედიისგან და პირველ რიგში, პირველი არხისგან, სადაც მართლაც ძალიან დეტალურად ვრცელდება ინფორმაცია – ეს იქნება ჯანდაცვის კუთხით თუ სხვა კუთხით, ყველა ინფორმაცია არის, რეგიონებში რა ხდება და რა მდგომარეობა არის. ეს ერთი, მეორე – მინდა, რომ მივმართო ჩვენს მოსახლეობას და არავინ არ დაიჯეროს, რომ ის საგანგებო მდგომარეობა, რომლიც ვრცელდება დღეს ქვეყანაში, არის ყველაზე მძიმე.
პირიქით, ჩვენ ამ სხვადახვა ვარიანტში, რაც არსებობდა და დღეს არის გავრცელებული ქვეყანაში, არის ძალიან ზომიერი საგანგებო მდგომარეობა. სიტყვა კარანტინი აქ იყო გამოყენებული არასწორად. კარანტინი ვრცელდება მხოლოდ ზოგ ადგილას, სადაც კლასტერები იყო შემჩნეული და სადაც საჭირო იყო კარანტინი და არა მთელ ქვეყანაზე. ისიც არის სათქმელი, რომ კომენდანტის საათი, რომელიც ცხრა საათიდან დილის ექვსამდე ვრცელდება, არ არის რაღაც ისეთი, ადამიანების დაჩაგვრის ფორმა და მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, რომ იჩაგრებიან ამ საგანგებო მდგომარეობით. მე მგონი, რომ არასწორი არის, როცა მათ ვთხოვთ პირიქით, რომ ეს მდგომარეობა ყველამ გაინაწილოს, იყოს სოლიდარობა და რაც მოსათმენია, ის კიდევ მოვითმინოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ზომები, რომლებიც 22 მაისამდე გაგრძელდება, საჭიროა ქვეყნისთვის, რომელსაც ჯერ დაავადების მატების პიკი არ გაუვლია.
„მოსახლეობას ვუთხრათ, თუ რამდენად საჭირო არის, რომ კიდევ რაღაც პერიოდი მოვითმინოთ, გავიჭირვოთ და მივიდეთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს შედეგები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და არ დაგვჭირდეს განახლება კიდევ უფრო მკაცრი ზომების, რაც არასოდეს არ არის გამორიცხული თუკი გართულდა სიტუაცია.
ამიტომ, ჩვენ ვიყოთ გონივრული და არ ვცადოთ, რომ მოქალაქეობაში გავაჩინოთ ამ ზომების მიმართ ეჭვი. რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, მთელი მსოფლიო დღეს ზის და ფიქრობს, როგორი უნდა იყოს მსოფლიოს გადალაგება და ახალი შესაძლებლობები, თუ სირთულეები. დღეს არავის არ აქვს პოსტკრიზისული გეგმა და ანტიკრიზისული გეგმა. ამაზე შევთანხმდეთ. ჯერ ერთი, რაღაც ზომები უკვე ვნახეთ, მოლოდინი მაქვს, რომ გეგმა იქნება სათანადო და უპასუხებს მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობას, რაც არსებობს სოციალურად ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.