სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ

დღეს მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს არის ამ ქვეყანაში მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადაუხვევს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შეწყალებას არ აპირებს.

„სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები იყვნენ მათი პრეტენზიის მიუხედავად არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე, როგორც დამნაშავეები.

ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩავთვალე პირადად, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე, დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება.

დღეს მე ამას არ გავიმეორებ. მე დღევანდელ ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ, მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას, ასევე ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი