სალომე ზურაბიშვილი - მჯერა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან, რაც ამ ორ ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება
სალომე ზურაბიშვილი - მჯერა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან, რაც ამ ორ ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება

მჯერა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ, ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, კეთილმეზობლობა კავკასიის რეგიონის ბედისწერაა, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს გაწვდილი ხელია აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

„დღეს ქუთაისს ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში ახალი მისია ევალება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. მათ აქ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქედ. მე მჯერა ასევე, რომ ამ რეგიონში ეს უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ, ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება, რამეთუ კეთილმეზობლობა არის ჩვენი ქვეყნების, კავკასიის რეგიონის ერების ბედისწერა და ამას წინ ვერაფერი და ვერავინ დაუდგება.

ქუთაისი, სწორედ თავისი საზოგადოებით, წარსულით, ქალაქური კულტურით, გახსნილობით, სითბოთი და განუმეორებელი იუმორით იქნება ადგილი, სადაც დაიწყება ახალი, მშვიდობიანი კავკასიის ისტორია. დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული და კულტურული საქართველო და კავკასია, რომელსაც შესწევს უნარი, გლობალურ მსოფლიოში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.