სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ანტიევროპული რიტორიკისგან, მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში
სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ანტიევროპული რიტორიკისგან, მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც მიმართა.

ზურაბიშვილის თქმით, მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ანტიევროპული რიტორიკისგან და მიმართავს ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში.

„მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი ჩემი ნათქვამი აქ არ მოეწონება, რომ გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი 30-წლიანი (თუ არა 30 საუკუნოვანი) მისწრაფება და თავი შეიკავოს ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც  არასაჭირო ნაბიჯებისგან. ეს რიტორიკა მხოლოდ ემსახურება პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას და ვერ მოიტანს შედეგს.

მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით, რომ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება. დღეს სხვანაირად დგას საკითხი, საქართველოს ამ ახალ საფეხურზე ვინც აიყვანს, ის დაიმსახურებს ხალხის მადლიერებას და პოლიტიკური მომავლის გამყარებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი ამას გავიაზრებთ და ერთად ვიდგებით იმ უმნიშვნელოვანესს გზაზე.

მე ამ გზისთვის ჩამოვედი საქართველოში, ამ გზის გამო წავიდნენ ჩემი წინაპრები და მიზანი ის კი არ არის, რომ მეტი და მეტი ქართველი წავიდეს ევროპაში, ან როგორც ზოგი ოცნებობს, რომ მე გადავდგე და მეც წავიდე პარიზში, მიზანი არის, რომ ერთად ვიცხოვროთ აქ, იმ ოცნების საქართველოში, რომელიც იქნება ევროპულიც და ძალიან ქართულიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.