სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში შეხვედრებს მართავს.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან. ამასთან, მიუნხენში ჩატარდება შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ და „რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს. ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დღეს გაიხსნა. როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვებგვერდზეა აღნიშნული, ღონისძიება იმართება ცვლილებების გარდამტეხ მომენტში, როდესაც იანვარში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, ბრიუსელში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ახალი ციკლი იწყება და კონფერენციიდან ერთ კვირაში გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

კონფერენციის პირველ დღეს მთავარი პროგრამა ფოკუსირებული იქნება გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, გლობალური მმართველობის, დემოკრატიული მედეგობის, კლიმატური უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე. შაბათს დებატები შეეხება საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებს, ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალს. კვირას, კონფერენციის დასკვნით დღეს გაიმართება მსჯელობა მსოფლიოში ევროპის როლთან დაკავშირებით.