სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში ტარგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც ამავე დროს ამდენი ადამიანის ტრაგედიაა
სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში ტარგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც ამავე დროს ამდენი ადამიანის ტრაგედიაა

მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში ტარგედიისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აბსურდული მოვლენაა, რომელიც ამავე დროს არის ტრაგედია და ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც არის ამავე დროს ტრაგედია ამდენი ადამიანის და ვიცით, რომ ამ ტიპის ტრაგედიები დღეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. მე იმედი მქონდა, რომ საქრთველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამისი მოწმეც გავხდით. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და, პირველ რიგში, იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა მამაცობა, რათა ადამიანი გადაერჩინა და ეს ნამდვილად არის იმედის მომცემი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ თვალზე ოპერაცია გაუკეთდა, კლინიკიდან დღეს გაწერეს.