სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, დაფიქრდით, ერთი თუ ორი წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმად, რომ ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც ამ ქვეყნის მოღალატეები?
საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელთაც ჩემი იმპიჩმენტის საქმის დროს დადეს განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა, რომ „დაფიქრდნენ, რა დროც დარჩათ, ღირს იმად, რომ ისტორიაში ქვეყნის მოღალატეებად შევიდნენ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პიროვნულად აქვთ უზარმაზარი შანსი, რომ ამ ეროვნული გმირების პორტრეტების რიგში ჩაეწერონ. საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელთაც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადეს განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას, ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მინდა, მივმართო მათ, დაფიქრდით, ერთი თუ ორი წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმად, რომ ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც ამ ქვეყნის მოღალატეები, თუ ღირს, რათა შეხვიდეთ, როგორც ნამდვილი გმირები. ერთი მოსამართლე ვნახეთ გმირი არჩევნების დროს და მან დაიმსახურა მთელი ქვეყნის სიყვარული. არ გინდათ, რომ მთელი ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?. ერთ-ერთი მიზეზი, რატომ გადავეცი საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან ყველა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. მეორე – სადღაც ბოლომდე ვთვლი, რომ ადამიანს უნდა მისცე შანსი, რომ თავისი ადამიანობა, თავისი ქართველობა გამოაჩინოს. სამი ადამიანია საჭირო, რომ აგვარიდოს მთელ ამ უბედურებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.