სალომე ზურაბიშვილი - მიკვირს, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს საარჩევნო კამპანიის ბოლოს სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე საუბარი
სალომე ზურაბიშვილი - მიკვირს, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს საარჩევნო კამპანიის ბოლოს სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე საუბარი

მიკვირს, რომ ერთ-ერთი მთავარი პარტიის წარმომადგენელს სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„როცა საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ. ახლა მთავრდება კამპანია და მიკვირს, რომ ერთ-ერთი მთავარი პარტიის წარმომადგენელს სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე საუბარი. როგორც ჩანს, მე ვარ მათი კამპანიის თემა. მე მგონი საზოგადოება ელოდება, რომ გაიგოს, ამ არჩევნებში რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი რას ჰპირდრბა მომავლისთვის. მე ამას ვეუბნები ამომრჩეველს ყველგან და მგონი დრო არის, სხვებმაც გასცენ პასუხი ამ მთავარ კითხვაზე – რისთვის მოდიან როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რა არგუმენტი აქვს დავით ბაქრაძის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის ამ საკითხს ცალკე ბრიფინგს მიუძღვნის.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამოღებული ციტატებია შეტანილი.