სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-ის კითხვას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეეხებოდა.

როგორც Bloomberg-ი წერს, „სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, Bloomberg-თან ინტერვიუში არ საუბრობს თავის გეგმებზე“, თუმცა არ ფიქრობს, რომ „ცალკეული შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს“.

ამასთან, მედიასთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „დადგა დრო ევროპის მიერ სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად“.

ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, რაც, მისივე განცხადებით, რუსეთს გამბედაობას შემატებს, საქართველო თავისი ამბიციებისთვის „რუხ ზონად“ მოიაზროს.

„თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც არ ვასრულებთ, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ წინსვლა გვჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.